info@mycleaner.ge032 2 47 67 07+995 579 00 00 38 +995 579 00 00 38
error
სველი ხელსახოცის ჯადოსნური თვისებები და მათი გამოყენება ყოფაცხოვრებაში

ყველამ ვიცით, რომ სველ ხელსახოცს პირადი ჰიგიენური დანიშნულებით იყენებენ. არსებობს საბავშვო ხელსახოცები, ხელსახოცები, რომლებიც მხოლოდ ხელის საწმენდად გამოიყენება და სხვ.(მათი ხმარებისას არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ხარისხი აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, ეცადეთ შეიძინოთ პარაბენების და სხვადასხვა დანამატების არმქონე ხელსახოცი). თურმე. სხველ ხელსახოცს, გარდა ჰიგიენური დანიშნულებისა, სხვადასხვა ფუნქციების შეთავსებაც შეუძლია თანაც საკმაოდ ეფექტურადაც:

 

-მიმწვარი ცხიმის მოცილება ყველასთვის დიდ პრობლემას წარმოადგენს. თურმე, სველი ხელსახოცი ამ საქმეში შეუცვლელი დამხმარეა. ჩადეთ სველი ხელსახოცი ჭუჭყიან ტაფაში ან ქვაბში, დაასხით წყალი და მთელი ღამით დატოვეთ. დილას ჭურჭლის ცხიმის ნარჩენებისგან გასუფთავებას განსაკუთრებული ძალისხმევის გარეშე მოახერხებთ. 

 

-აბაზანისა და სამზარეულოს ქრომირებული ზედაპირის მქონე ონკანები მუდამ გაკრიალებული გექნებათ, თუ ჩვეულებრივი წმენდის შემდეგ სველი ხელსახოცით გაწმენდთ.

 

-სველი ხელსახოცი კარგად ებრძვის ტანისამოსზე დატოვებულ დეოდორანტის ლაქებს.

 

-ყველა დიასახლისისთვის ცნობილია, რომ ლითონის ჟალუზების წმენდა შრომატევადი და მომქანცველი საქმეა. ამ შემთხვევაშიც სველი ხელსახოცი დაგეხმარებათ. თხელი და ელასტიკური ხელსახოცი ადვილად აღწევს ჟალუზის დეტალებს შორის და წმენდას აადვილებს.

 

-სველი ხელსახოცის დახმარებით შესაძლებელია უთოს ზედაპირის გაწმენდა. ბამბის ქსოვილს დააფარეთ ხელსახოცი და დაბალ ტემპერატურაზე გააუთოვეთ. უთოს ზედაპირი გაკრიალდება.

 

-შხაპის მიღების შემდეგ აბაზანაში სარკე ხშირად იორთქლება. ამის თავიდან აცილება მარტივად არის შესაძლებელი. აიღეთ ჩვეულებრივი საპონი და მშრალ სარკეზე წაუსვით - ისე, რომ მთელი ზედაპირი დაიფაროს. ამის მერე ჯერ სველი, შემდეგ კი მშრალი ხელსახოცით კარგად გაწმინდეთ და დაორთქლილი სარკის პრობლემას სამუდამოდ დაივიწყებთ.

 

-სველი ხელსახოცი კარგად აცილებს ავეჯზე დარჩენილი თითების ანაბეჭდებსაც.

 

-სველი ხელსახოცი უკვალოდ წმენდს დაბნეულ ფქვილს, მარილს და შაქარს.

error
საბნების, ბალიშების და ლეიბების მოვლა

თუ თქვენ ჰიგიენურ ნორმებს არ დაიცავთ, თქვენი ლოგინი მიკრობების, მტვრის და პარაზიტების ბუდედ გადაიქცევა. თქვენი საბნის, ბალიშების და ლეიბის ბოჭკოებში მტვრის ნაწილაკები და სხვადასხვა სახის პათოგენური მიკრობები კარგად ბუდობენ, ის მათთვის ხელსაყრელი ადგილია, ჩვენ ამ ყველაფერს ვსუნთქავთ და ვეხებით, ეს კი ჩვენს ჯანმრთელობაზე ცუდად აისახება, ამ დროს თავს იჩენს დერმატო-ალერგიული და  სუნთქვის პრობლემები.  ამ ყველაფრის თავიდან ასაცილებლად საბნების, ბალიშების და ლეიბების სწორად რეცხვა და ხშირი განიავებაა საჭირო.

 

ბალიშები, საბნები და პლედები ყოველ წელს უნდა გაიწმინდოს.

მტვერსასრუტით წმენდისას მტვრის ტკიპები და მათი ექსკრემენტები არ ნადგურდება. ამისთვის გაცილებით ეფექტური მზის სხივები და ტემპერატურების ცვალებადობაა. მზის სხივების ზემოქმედებით პარაზიტების სიცოცხლისუნარიანობა მცირდება, თუმცა ცოცხლები რჩებიან. 40-გრადუსიან ტემპერატურაზე მტვრის ტკიპები 2 დღის განმავლობაში იღუპებიან, ყინვაში კი ოდნავ უფრო სწრაფად. ეს ეხება როგორც სინთეტიკურ, ისე ბუნებრივი შემადგენლობის ბალიშებსა და ლეიბებს. ამიტომ, არ დაიზაროთ და ზამთრის სუსხიან დღეებში თქვენი საბნები და ლეიბები აივანზე გაიტანეთ და საბერტყი ჯოხის დახმარებით მტვერი მოაცილეთ. კარგი იქნება, თუ დაბერტყვის წინ ლეიბს სველ ტილოს გადააფენთ. ასე მტვრის ნაწილაკებს მთლიანად სველი ტილო „შეიწოვს“.

 

ბამბის საბნების, ბალიშების  და ლეიბების რეცხვა

ბამბა წყალთან შეხებისა და გაშრობის შემდეგ მრგვალდება და პირვანდელ ფორმას ვეღარ იბრუნებს. სახლის პირობებში რთულია მათი რეცხვა, არა და ის მზრუნველობას და მოვლას მოითხოვს. ამიტომ გირჩევთ, დაიხმაროთ სპეციალისტები ისინი შესაფერის ტემპერატურისა და სპეციალური ორთქლის საწმენდების დახმარებით მარტივად და დაუზიანებლად დაასუფთავებენ თქვენს ტექსტილს.

გახსოვდეთ, რომ ბამბის საბნებსა და ლეიბებში ჩაბუდებული პარაზიტების გასანადგურებლად ეფექტურად გამოიყენება ორთქლის გამოშვების რეჟიმის მქონე უთოები.

 

ბალიშების გამზეურება და რეცხვა

მათი გამზეურება შესაძლებელია მზეშიც და ჩრდილშიც. პერიოდულად საბერტყელათი დაბერტყეთ და ბალიშის პირზე გამოჩენილი მტვრის ნაწილაკები რბილი ჯაგრისით მოაცილეთ. მათს გარეცხვას რაც შეეხება, კვლავ პროფესიონალების დახმარებას გირჩევთ, განსაკუთრებით ბუნებრივი ხარისხის, ბუმბულის ბალიშების რეცხვა რთულია, ისინი უნდა დაიშალოს, სპეციალურ სარეცხ ტომსიკაში მოთავსდეს და ისე გაირეცხოს სარეცხ მანქანაში, ტემპერატურისა და რეჟიმის დაცვით.

 

ლეიბების წმენდა

მტვერსასრუტის პერიოდულად გამოყენების შემთხვევაში ლეიბებში მტვრის დაგროვებას შეუშლით ხელს.მტვერსასრუტით დამუშავების შემდეგ ლეიბები ორივე მხრიდან გაწმინდეთ დასველებული და კარგად გაწურული ნაჭრით. არ დაგავიწყდეთ ლოგინის კარკასის საგულდაგულოდ გაწმენდაც. ლეიბის მზეზე გატანა და განიავება საჭიროა, სულ მცირე, თვეში ერთხელ. მაგრამ შეგახსენებთ, რომ მათი პროფესიონალური წმენდა აუცილებელია, ამითი თავიდან აიცილებთ მიკრობების და პარაზიტების ჩაბუდებას!

 

როგორ უნდა მოვიქცეთ, თუ ლეიბზე არასასურველ ლაქას აღმოვაჩენთ

ამ შემთხვევაში ყველაზე ადვილია ლეიბის პირის შეცვლა. ზოგადად, ლეიბის პირის რეცხვა გაცილებით ადვილია, ვიდრე მთელი ლეიბის, მაგრამ არსებობს რამდენიმე ხრიკი, რომლებიც დაგეხმარებათ, ლეიბზე აღმოჩენილი ლაქა სწრაფად და მარტივად მოაშოროთ: პროპორციით 1:1:1 მოამზადეთ მარილის, სახამებლისა და წყალბადის ზეჟანგის (პერეკისი) პასტა.

 

error
როგორ ავარჩიოთ მტვერსასრუტი-რჩევები დიასახლისებს

სანამ მტვერსასრუტის შესაძენად წახვალთ, უნდა გაითვალისწინოთ, ყველაზე ხშირად როგორი ზედაპირების წმენდა მოგიწევთ (ყველა მტვერსასრუტი ინდივიდუალურია, სხვადასხვა ტიპის ზედაპირი კი სპეციფიკურ წმენდას საჭიროებს)- ხალიჩების, რბილი ავეჯის, პარკეტისა თუ კაფელის; გყავთ თუ არა სახლში ბავშვები, მოხუცები, ალერგიული ადამიანები ან შინაური ცხოველები. ამის მიხედვით გაარკვევთ, როგორი მტვერსასრუტი გჭირდებათ - მრავალდონიანი ფილტრაციის, უხმაურო, მრეცხავი თუ სხვ.

 

მტვერსასრუტის ტიპები: 

მტვერსასრუტის შერჩევისას ყურადღება უნდა მიაქციოთ როგორი ტიპის მტვერსასრუტი დაგჭირდებათ თქვენი ოთახის დასუფთავებისთვის. არსებობს დასუფთავების რამოდენიმე ვარიანტი (ტიპი): მშრალი, სველი და კომბინირებული დასუფთავება. დასუფთავების კონკრეტული მეთოდისთვის შექმნილია შესაბამისი ტიპის მტვერსასრუტი.

 

-მტვერსასრუტები მშრალი  დასუფთავებისთვის-როგორც წესი, კომპაქტურია და ადვილად მოსახმარი. გამოიყენება მყარი ზედაპირის (მაგ.: პარკეტის), ხალიჩების, რბილი და მყარი ავეჯის დასუფთავებისთვის, იქ სადაც პრაქტიკულად სისველე უკუნაჩვენებია.

 

-სველი  დასუფთავებისთვის  მტვერსასრუტები -გამოირჩევა უფრო რთული სისტემით, დიდი გაბარიტებით და შედარებით მაღალი ფასით, მაგრამ  მათი უპირატესობა არის დასუფთავების მაღალეფექტურობა.  სველი დასუფთავების მტვერსასრუტების  საშუალებით შეიძლება დავასუთავოთ სააბაზანო ოთახი, სამზარეულო სადაც მეტლახი და მგავსი ზედაპირია, რომელიც არ დაზიანდება წყლის ზემოქმედებით, ხალიჩები. ძირითადად ამ ტიპის მტვერსასრუტები გამოიყენება, როგორც სველი, ასევე მშრალი დასუფთავებისთვის. საჭიროა მხოლოდ სველი დასუფთავების შემდეგ გარეცხოთ და გააშროთ შესაბამისი დეტალები.

 

-კომბინირებული  ტიპი მტვერსასრუტების  საშუალებით შესაძლებელია, როგორც მშრალი დასუფთავება, ასევე დაღვრილი სითხის მხოლოდ აღება. ასეთი მტვერსასრუტების მტვრის შემგროვებელი კონტეინერი, როგორც წესი, დიდი ზომისაა.

 

მთავარი გასათვალისწინებელი დეტალებია-სიმძლავრე, მტვრის შემგროვებლობა, ფილტრი, ხმაურის დონე.  მაშ ასე, სათითაოდ განვიხილოთ თითოეული მათგანი:

 

-სიმძლავრე:

დასუფთავების მაღალი ხარისხის მისაღწევად მნიშვნელოვანი კომპონენტია სიმძლავრე, შეწოვის ძალა, რაც გასათვალისწინებელია  მტვერსასრუტის შერჩევისას. რაც უფრო მრავალფეროვანი და დიდია თქვენი სახლის დასასუფთავებელი ფართობი, მით უფრო მძლავრი მტვერსასრუტი დაგჭირდებათ.

 

-მტვრის  შემგროვებელი:

მტვრის შემგროვებელი შეიძლება იყოს: ერთჯერადი ტომარა, მრავალჯერადი ტომარა, "ციკლონური" კონტეინერი.

 

-მტვერსასრუტის ფილტრები:

დიდი მნიშვნელობა აქვს ფილტრაციის სისტემას, რამდენად სუფთა ჰაერი გამოდის მტვერსასრუტიდან ოთახში. მტვერსასრუტის ეფექტურობას განსაზღვრავს, როგორც შეწოვის სიმძლავრე, ასევე ფილტრაციის სისტემა. ფილტრები შეიძლება იყოს: ქაღალდის, ტექსტილი, წყლის, ნახშირის, ფილტრი HEPA, ბიოფილტრი.

 

-ხმაურის  დონე:

მნიშვნელოვანია მტვერსასრუტის ხმაურის დონე. განსაკუთრებით როცა ხშირად გიხდებათ სახლის დასუფთავება, ან გყავთ პატარა ბავშვები. მტვერსასრუტის (როგორც სხვა ტექნიკის) ხმაურის დონე იზომება დეციბელებში. ნორმალურად ითვლება მტვერსასრუტები, რომელთა ხმაურის დონე არის 71-80 დბ. თუმცა არსებობს თანამედროვე მტვესასრუტები უფრო დაბალი ხმაურის დონით. (შედარებისთვის, ადამიანის ჩურჩულისას ხმაურის დონე დაახლოებით 40 დეციბელია).

error
იცოდით, რომ ღვინის გამოყენება საოჯახო საქმიანობაშიც შეიძლება?

თურმე, თეთრი და შავი ღვინო,  როგორც სამკურნალო დანიშნულებით, ასევე საოჯახო საქმიანობაში და სახლის პირობებში კოსმეტოლოგიური პროცედურების ჩატარებაშიც დაგეხმარებათ. მაშ ასე, გავეცნოთ ღვინის ჯადოსნურ თვისებებს:

 

-ფანჯრების წმენდა. თეთრი ღვინით ფანჯრების გაპრიალება შეგიძლიათ. დანამეთ საწმენდი ნაჭერი თეთრი ღვინით და გაწმინდეთ მინები, სარკე, ისინი იდეალურად იბზინებენ, თანაც თავიდან აიცილებთ ქიმიური საშუალებების გამოყენებას. სუნის არ შეგეშინდეთ, ის მალე გავა, ღვინის სუნი ნამდვილად ჯობია ქიმიური ხსნარების სპეციფიკურ სუნს.

 

-ლაქების ამოყვანა. იცოდით რომ თეთრ ღვინოს შავი ღვინის მიერ წარმოქმნილი ლაქების მოცილება შეუძლია? გაწმინდეთ ტანსაცმელზე და  ავეჯზე არსებული ლაქა თეთრი ღვინით. თუ ღვინოს საჭმელ სოდასაც დაუმატებთ, ის ცხიმის ლაქასაც შეებრძოლება.

 

-დეზინფექცია- ღვინოს ანტიმიკრობული თვისებები აქვს, ამიტომ მას ბაქტერიებისა და მიკრობების გასანეიტრალებლად იყენებენ. კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ მშრალი ღვინო ისეთივე წარმატებით ახერხებს დეზინფექციას, როგორც წყალბადის ზეჟანგი და სპირტი. კარგად გარეცხილ ხილს წყალგარეულ ღვინოს თუ გადაავლებთ, ბაქტერიებისა და მიკრობების კვალიც კი არ დარჩება.

 

-პარაზიტებთან ბრძოლა-  ხილის პარაზიტების(ქინქლების)  ხაფანგი. ვაშლის ძმარი ხილის პარაზიტებისგან განთავისუფლების ცნობილი საშუალებაა, თუმცა, აღმოჩნდა, რომ მათ ღვინის სუნიც არანაკლებ იზიდავთ. ჩაასხით ღვინო ჭიქაში და მასში ქაღალდის ძაბრი ჩაუშვით - ისე, რომ ღვინოში ჩასულმა პარაზიტებმა უკან ამოსვლა ვეღარ მოახერხონ.

 

-სასუქი - მებაღეებმა იციან, რომ წითელი ღვინის რამდენიმე წვეთია საჭირო იმისთვის, რომ ნიადაგში სასარგებლო ბაქტერიების წარმოქმნის პროცესი გააქტიურდეს, რაც მცენარეებს სწრაფად ზრდაში დაეხმარება.

 

-სახის ნიღაბი- შავი და წითელი ღვინო დიდი ოდენობით ამინომჟავებს შეიცავს. ამინომჟავა კი შესანიშნავი ანტიოქსიდანტია, რომელსაც შეუძლია, სახის კანს სიგლუვე და სიმკვრივე მიანიჭოს. პერიოდულად გაიწმინდეთ სახე შავ ღვინოში დასველებული ბამბის დისკებით. აცადეთ გაშრობა და შემდეგ ჯერ ცხელი, შემდეგ კი ცივი წყლით ჩამოიბანეთ.

error
როგორ მოვაშოროთ სუფრას ლაქები?

დიასახლისები დამეთანხმებიან, რომ თითქმის ყველა წვეულება და თუნდაც, უბრალო ვახშამი მაგიდის გადასაფარებელ სუფრაზე  ყოველთვის ტოვებს ლაქების  კვალს. ჩვენ მაშინვე ვიწყებთ ფიქრს, თუ რა მოვუხერხოთ ამა თუ იმ ტიპის ლაქას, არა და თითოეულ მათგანს ინდივიდუალური მიდგომა სჭირდება. მაშ ასე, განვიხილოთ სხვადასხვა ტიპის ლაქების ამოყვანის უნივერსალური მეთოდი:

 

წითელი ღვინის ლაქა - როგორც კი სუფრაზე წითელი ღვინის ლაქას შენიშნავთ, მაშინვე დააყარეთ მარილი. შემდეგ კი დალაქავებული ადგილი ლიმონით დაამუშავეთ და სუფრა ცხელ წყალში გარეცხეთ. წითელი ღვინის ლაქები კარგად ამოჰყავს 1 ჭიქა თბილ წყალში გახსნილი 1 ჩაის კოვზი წყალბადის ზეჟანგის ან ლიმონმჟავას ხსნარს.

 

ყავის ლაქა- ეს ლაქები ყველაზე კარგად ამოჰყავს თბილ გლიცერინს ან გლიცერინისა და მარილის ნაზავს. დალაქავებული ადგილი გლიცერინით კარგად დაამუშავეთ. შესაძლებელია, პროცედურის რამდენჯერმე გამეორებაც მოგიწიოთ. საბოლოოდ, სუფრა თბილ წყალში გაავლეთ.

 

ხილის წვენის ლაქა- ლაქებს კარგად ებრძვის 1 ჭიქა ცხელ წყალში გახსნილი ნახევარი კოვზი ნიშადურის სპირტისა და ნახევარი კოვზი წყალბადის ზეჟანგის ნაზავი. ხილის წვენისგან დატოვებულ ლაქებს კარგად უმკლავდება, ასევე, საჭმელი სოდის ხსნარი. დაამუშავეთ დალაქავებული ადგილი ზემოჩამოთვლილი საშუალებებიდან ერთ-ერთით, რამდენიმე წუთი გააჩერეთ და სუფრა ჩვეულებრივი წესით გარეცხეთ.

 

ცხიმის ლაქა- ცხიმს კარგად ებრძვის ტალკი და საჭმელი სოდა. დალაქავებულ ადგილს მოაფრქვიეთ ტალკი, დააფინეთ ქაღალდი, რომელიც ცხიმს კარგად შეიწოვს, მაგალითად სამზარეულოს ხელსახოცი და საშუალო სიმხურვალის უთო რამდენჯერმე გაუსვით. ლაქაზე მოაყარეთ საჭმლის სოდა და კარგად დასრისეთ. 30 წუთის შემდეგ დალაქავებული ადგილი სუფთა ტილოთი გაწმინდეთ და ჩვეულებრივი წესით გარეცხეთ.

 

ტომატის ლაქა-  ლაქას ლიმონის წვენი დაასხით, შემდეგ დალაქავებული ადგილები ჩვეულებრივი სარეცხი საპნითა და თბილი წყლით გარეცხეთ.

 

error
სარეცხი საპნის უჩვეულო და სასარგებლო თვისებები

72-პროცენტიანი სარეცხის საპონი შეუცვლელი, ნატურალური და ჰიპოალერგიული საშუალებაა. ის უნდა გამოიყენოთ წინდების, თეთრეულის, საბავშვო სარეცხის გარეცხვისას. სარეცხი საპონი არ არღვევს კანის მიკროფლორას, ძლიერი ანტიმიკრობული და ანტისეპტიკური თვისებები აქვს. ჯერ კიდევ ჩვენმა ბებიებმა იცოდნენ, რომ სარეცხი საპონი დამწვრობის დროს შეუცვლელი დამხმარეა, ასევე წაქცევის შემდეგ გაჩენილ ჭრილობას და ნაკაწრებს, სწორედ სარეცხის საპნით ჩამოგვბანდნენ ხოლმე.

 

-თუ შემთხვევით მდუღარე წყალი გადაისხით, დამდუღრულ ადგილზე კარგად წაისვით სარეცხი საპონი, აიქაფეთ და აცადეთ გაშრობა. ამით თავიდან აიცილებთ დამწვრობის შემდეგ ბუშტუკების გაჩენას.

 

-ძველად სარეცხის საპნით ირეცხებოდა იატაკი, კარ-ფანჯრები, საბაზანო, მაცივარი და გაზქურა.

 

-თუ თეთრეულს სარეცხ მანქანაში მოთავსებამდე სარეცხ საპონს წაუსვამთ, მათეთრებელი აღარ დაგჭირდებათ. გარდა ამისა, სარეცხი საპონი ჰიპერალერგიულია, ამიტომ თავისუფლად შეგიძლიათ, გარეცხოთ ბავშვის ტანსაცმელი.

 

-სარეცხი საპნით შესანიშნავად ირეცხება ჭურჭელი - თეფში, ჭიქა, ქვაბი თუ ტაფა. თუ კარგად ვერ გაავლეთ, იცოდეთ, რომ ამ საპნის ქაფის ნარჩენი არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენს ჯანმრთელობისთვის.

 

-სარეცხი საპონი ეფექტურად ებრძვის ფეხის სოკოვან დაავადებას. კარგად წაუსვით საპონი ჯაგრისს და დაზიანებული ადგილი დაიმუშავეთ. პროცედურის დასრულების შემდეგ საპონი ჩამოიბანეთ და დაზიანებული ადგილი ბეტადინით დაიმუშავეთ.

 

-სახეზე გამონაყარის გაჩენის შემთხვევაში, სარეცხი საპონი გახეხეთ, დაასხით რამდენიმე წვეთი წყალი და ააქაფეთ. ერთი სუფრის კოვზი ქაფი და 1 ჩაის კოვზი წმინდა მარილი კარგად აურიეთ და გამონაყარზე წაისვით. ცოტა ხანს გაიჩერეთ და ჯერ ცხელი, შემდეგ კი ცივი წყლით ჩამოიბანეთ. თუმცა გაითვალისწინეთ, რომ აუცილებლად უნდა გაარკვიოთ გამონაყარის მიზეზი და ამისთვის ექიმს უნდა მიმართოთ.

 

-სარეცხის საპონს გაუხეშებულ კანთან ბრძოლაც შეუძლია: 2 ლიტრ ცხელ წყალს დაუმატეთ 1 ჩაის კოვზი მარილი და ამდენივე გახეხილი საპონი. გააჩერეთ ფეხები წყალში 15-20 წუთის განმავლობაში. შემდეგ გაიმშრალეთ და მალამო წაისვით.

 

-თუ კანი გაიჭერით, ან გიჩირქდებათ, დაიბანეთ სარეცხის საპნით.

 

-კვირაში ერთხელ სარეცხის საპნით გარეცხეთ კბილის ჯაგრისი, სავარცხელი, მანიკიურის ნაკრები და მსგავსი ნივთები.

error
„ფეირის“ და „დომესტოსის“ უკანონო დამზადების ფაქტი გამოვლინდა

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, კუსტარულად მოწყობილ არარეგისტრირებულ საწარმოში, სხვისი სასაქონლო ნიშნით უკანონოდ ნიშანდებული დიდი ოდენობით საქონლის დამზადება-რეალიზაციის ფაქტზე სამი პირი დააკავეს. 

 

აჭარის რეგიონში მოწყობილ საწარმოში, სასაქონლო ნიშნის მართლსაწინააღმდეგო გამოყენებით, ხდებოდა სარეცხი საშუალებების - „ფეირის“ და „დომესტოსის“ უკანონო დამზადება. ამასთან, პროდუქციის წარმოებისთვის დაბალი ხარისხის და იაფფასიანი ნედლეული გამოიყენებოდა.

 

Mycleaner.ge გირჩევთ, რომ თავი აარიდოთ ფალსიფიცირებულ პროდუქციას! ყოველთვის გულდასმით დაათვალიერეთ ეტიკეტი!

იმისათვის, რომ მსგავსი შემთხვევების მსხვერპლი არ გახდეთ და დაბალი ხარისხის, იაფფასიან ნედლეულზე დამზადებული სარეცხის საშუალებები არ შეიძინოთ, ყოველთვის ექსკლუზიურ, მაღალი ხარისხის და ნაკლებქიმიურ საშუალებებზე შეაჩერეთ არჩევანი.

შეგახსენებთ, რომ სპეციალურად  ჩვენი კომპანიის დაკვეთით თურქეთში მზადდება მაღალი ხარისხის, ნაკლებქიმიური და ეკონომიური სარეცხის საშუალებები. მიიღეთ სწორი გადაწყვეტილება, აირჩიეთ საუკეთესო!

error
როგორი უნდა იყოს ჩვენი კვების რაციონი, თუ გვინდა რომ ჯანმრთელი ორგანიზმი გვქონდეს

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობა და ჯანმრთელობა 60%-ით ცხოვრების წესსა და კვების სისტემაზეა დამოკიდებული, 15%-ით - მემკვიდრეობით ფაქტორებზე, 15%-ით - გარემოზე და მხოლოდ 10%-ით - ჯანდაცვაზე. როგორც ვხედავთ კვებას საკმაოდ დიდი პროცენტული წილი უჭირავს ჩვენს ცხოვრებასა და ჯანმრთელობაში.

 

„ადამიანის ჯანმრთელობა კუჭის სამჭედლოში იჩარხება“.(მიგელ დე სერვანტესი)

 

დაფიქრდით რამდენად სწორად იკვებებით დღის განმავნლობაში, რამდენ კალორიას იღებთ და რაოდენობის ვიტამინები და სასიცოცხლო ნივთიერებები შედიან თქვენ მიერ მირთმეულ საკვებ პროდუქტებში?. თუ გვინდა, რომ ჩვენი რაციონი ჯანსაღი და ჯანმრთელი იყოს, მაშინ შემდეგი ფაქტორები გაითვალისწინეთ.

 

გონივრული კვების ძირითად კომპონენტებს შეადგენს: ცილები, ცხიმები,  ნახშირწყლები, ვიტამინები, მინერალები, უჯრედისი და წყალი. ისინი ადამიანის ორგანიზმში მნიშვნელოვან და სპეციფიკურ ანუ მკაცრად განსაზღვრულ ფუნქციებს ასრულებენ.

 

ცილა  ანუ პროტეინი უმნიშვნელოვანესი საკვები სუბსტრატია, რომელიც აუცილებელია ორგანიზმის ზრდისა და განვითარებისათვის. ცილებს შეიცავს ჩვენი სხეულის თითოეული უჯრედი. პროტეინები ენერგიის მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენს. ჩვენ მათ ბუნებაში უხვად არსებული როგორც მცენარეული, ასევე ცხოველური ცილების საშუალებით ვიღებთ. სხვა ნივთიერებებით მისი ჩანაცვლება არ ხდება და ის აუცილებლად უნდა მიეწოდებოდეს ორგანიზმს საკვების სახით.

ცილით მდიდარი საკვებია- ბურღულეული, პარკოსნები, სოკო, ხორცი, კვერცხი, თევზი.

 

ცხიმები -ადამიანის კვების რაციონში აუცილებლად უნდა შედიოდეს ცხიმები, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ის დიეტას იცავს. ორგანიზმში ცხიმების აუცილებელი მონაწილეობით უზრუნველყოფილია ჰორმონების სინთეზი, ფიზიოლოგიური პროცესების სწორი ფუნქციონირება, ვიტამინების ათვისება და იმუნური სისტემის გაძლიერება. ცხიმები საკმარისი რაოდენობით აუცილებელია კანის, თმის და ფრჩხილების ჯანმრთელობისთვის. ცხიმმჟავების გარეშე კანი შრება და იქერცლება, თმა და ფრჩხილები კარგავს ბზინვარებას და იყოფა.

ცხიმით მდიდარი საკვებია-ზეითუნი, მზესუმზირა, სიმინდი, თხილეული, კარაქი, არაჟანი, ხორცი, თევზი.

 

ნახშირწყლები- ადამიანის ორგანიზმისთვის ენერგიის ძირითადი მომწოდებელი ნახშირწყლები გახლავთ. ისინი თავის მხრივ ,,სწრაფად შლად’’ და ,, ნელად შლად’’ ნახშირწყლებად იყოფიან. ,,სწრაფად შლადი’’ ნახშირწყლებია ფრუქტოზა, გლუკოზა, საქაროზა. მათ ყველაზე დიდი რაოდენობით პურ-ფუნთუშეული, ხილი, წვენები, ტკბილეულობა შეიცავს. ამ ტიპის ნახშირწყლებით მდიდარი პროდუქტები სწრაფად ”უმკლავდებიან” შიმშილის გრძნობას, მაგრამ ასეთი საკვებით დანაყრებულ ადამიანს მალევე შივდება.

ნახშირწყლებით მდიდარი საკვებია- ნამცხვარი, ტკბილეული, ხილი, წვენი, ბურღულეული, კარტოფილი, პური და ჭვავი.

 

უჯრედისი  ბოჭკოვანი სტრუქტურის მქონე მცენარის საფუძველია. საკვებად გამოყენების შემთხვევაში ის ორგანიზმში მიმდინარე ბევრი პროცესის წარმმართველი ხდება. უჯრედისის ერთ-ერთი უნიკალური თვისება საკუთარ მოცულობაზე 6-ჯერ მეტი წყლის შეწოვის უნარი გახლავთ. ამ უნარის წყალობით ის კუჭში ღრუბლის მსგავს მასას წარმოქმნის, სისავსის და დანაყრების შეგრძნებას იწვევს და ადამიანს ზედმეტი საკვების მიღებისგან იცავს.

უჯრედისით მდიდარი საკვებია- პარკოსნები, ბოსტნეული, ხილი და თხილეული.

error
ჯანმრთელობისათვის საშიში ნივთიერებები სარეცხის საშუალებებში

ყველა ოჯახში მოიძენება დასუფთავებისთვის, ტანისამოსისა თუ ჭურჭლის რეცხვისთვის განკუთვნილი საშუალებები, რომლებსაც აქტიურად ვიყენებ ყოფა-ცხოვრებაში. ვცდილობთ ისეთი ხსნარები შევიძინოთ, რომელთა მოქმედებაც მეტად ეფექტურია. დაბინძურების სიხშირეზე და ცხიმის ლაქებზე ფიქრის დროს გვავიწყდება ის უმთავრესი ფაქტორი, თუ რატომაა ეს ნივთიერება ასეთი ეფექტური, იქნებ ცხიმის და ნადების გარდა ჩვენს ჯანმრთელობასაც ანადგურებს?! მსოფლიოს სხვადასხვა ლაბორატორიაში არაერთი კვლევა ჩატარებულა სარეცხის საშუალებებთან დაკავშირებით, იმის მიუხედავად რომ მწარმოებლები გვარწმუნებენ მათს უსაფრთხოებაში, ეფექტურობასა და უვნებლობაში, მეცნიერები მსგავსი ტიპის  ნივთიერებებს ნელი მოქმედების ბომბსაც კი უწოდებენ.

 

ჯანმრთელობის პრობლემები, რომლებსაც ეს ნივთიერებები იწვევენ, სხვადასხვა ტიპის და ხარისხისაა. ესენია- რესპირატორული (სასუნთქი გზების) პრობლემები, კანთან დაკავშირებული დერმატო-ალერგიუმი პრობლემები, მცირე ინტოქსიკაცია, რომელიც მსუბუქი თაბრუსხვევით და გულისრევის შეგრძნებით გამოიხატება. თირკმელების პრობლემები და სხვ. თუ მაინც იყენებთ მსგავს ხსნარებს თუ ფხვნილებს მათთან ურთიერთობისას არ დაგავიწყდეთ ხელებისა და სასუნთქი გზების შენიღბვა ხელთათმანებითა და პირბადით. სანამ მსგავს საშუალებებს შეიძენთ კარგად დააკვირდით შემადგენლობას.

 

ქიმიური საშუალებების გამოყენება განსაკუთრებით საშიშია ოჯახებში, სადაც ბავშვია. მართალია, ამ ნივთიერებების მავნე ზემოქმედება აისახება ნებისმიერი ასაკის ადამიანის ჯანმრთელობაზე, მაგრამ პატარების შემთხვევაში რისკი გაცილებით მაღალია.

 

როგორც მეცნიერი განმარტავს, ხარისხის მიუხედავად, მავნეა ჭურჭლის სარეცხი სითხეც, რადგან "საუკეთესო" სარეცხ საშუალებათა შემადგენლობაშიც ასევე შედის ჯანმრთელობისთვის მავნე კომპონენტები - ფოსფატები, ქლორი, ზან-ი, ფტალატები.

 

ამიტომ გახსოვდეთ, რომ ჭურჭელი გამდინარე წყალში სულ მცირე, 15 წუთის განმავლობაში მაინც უნდა გაავლოთ!

 

 

ქლორი

სარეცხი საშუალებების კიდევ ერთი შემადგენელი - ქლორი, მომწამლავი, მოყვითალო მწვანე ფერის, მხრჩოლავი სუნის გაზია. სარეცხ საუალებებში გამოიყენება მათეთრებელი და სადეზინფექციო ფუნქციების შესასრულებლად. მცირე რაოდენობით მისი საყოფაცხოვრებო ქიმიაში გამოყენება არ წარმოადგენს საშიშროებას, მისმა ხანგრძლივმა გამოყენებამ შესაძლოა გამოიწვიოს ალერგია, გულ-სისხლ-ძარღვთა პრობლემები, ინტოქსიკაცია და ონკოლოგიური დაავადებები. ქლორიანი საშუალებები არ გამოიყენოთ დიდი რაოდენობით, ეცადეთ მისი მოხმარების შემდეგ კარგად გაანიავოთ ოთახი და კარგად გაავლოთ სარეცხს.

 

 

ფოსფატები

ფოსფორული მჟავების მარილები და ეთერები, ფართოდ გამოიყენება სინთეთიკურ სარეცხ საშუალებებში კალციუმისა და მაგნიუმის იონების დასაკავშირებლად. ფოსფატები იწვევს სისხლში ჰემოგლობინის მატების შეფერხებას. კარგად დააკვირდით სარეცხი საშუალების ეტიკეტს -  შემადგენლობაში არ უნდა ეწეროს ფოსფატები! ყველაზე უსაფრთხოდ ცეოლითიანი სარეცხი საშუალებები ითვლება.

ფოსფატშემცველი ფხვნილების ერთ-ერთი უსაფრთხო ალტერნატივაა საპნის საფუძველზე დამზადებული საბავშვო ფხვნილები. სხვა უსაფრთხო საშუალებების გამოყენებაც: ერთ-ერთია სამეურნეო საპონი, რომელიც შესანიშნავად რეცხავს ნატურალურ ქსოვილს და არბილებს კიდეც (რაც მნიშვნელოვანია ჩვილი ბავშვებისთვის). ქიმიური ნივთირებებისგან თავდაცვის ელემენტარული საშუალებაა დილით საცხოვრებელი ბინის კარგად განიავებაც.

 

 

ენზიმები

ხარისხიანი სარეცხი ფხვნილის შემადგენლობაში აუცილებლად უნდა შედიოდეს ენზიმები. სარეცხ საშუალებებში გამოიყენება ლაქების დაშლის მიზნით. ფხვნილში ძირითადად ფერადი გრანულების  სახით გვხვდება. ენზიმები ჯანმრთელობისთვის საშიშროებას არ წარმოადგენს, თუმცა მნიშვნელოვანია მისი სწორად გამოყენების ცოდნა.

error
ხალიჩის წმენდა სახლის პირობებში

ხალიჩის წმენდა ყველა დიასახლისისთვის დიდ პრობლემას წარმოადგენს. ქსოვილში იბუდებს მტვერი, ჭუჭყი, შემდეგ ჩვენ ამას ვსუნთქავთ, ჩვენი შვილები კი ზედ თამაშობენ და ხელებით ეხებიან. მართალია კარგი ხარისხის ხალიჩაში მტვრის და ჭუჭყის ნაწილაკები შედარებით ძნელად იბუდებენ, ვიდრე უხარისხო ქსოვილში, მაგრამ სისტემატურ წმენდას ორივე მათგანი მოითხოვს. ჩვენი რჩევები გაგიადვილებთ ხალიჩების წმენდის პროცესს და მარტივ გზებს გასწავლით.

 

-საჭმლის სოდა. წყალში გახსნილი სოდა მოასხით ხალიჩის ზედაპირზე და გააჩერეთ 30 წუთი, შემდეგ მტვერსასრუტით გაწმინდეთ. ხალიჩა არა მარტო სუფთა გახდება, არამედ უსიამოვნო სუნიც მოსცილდება.

 

-თუ ხალიჩა  არც ისე ჭუჭყიანია, მოაყარეთ მას წმინდა მარილი. ის კარგად იწოვს მტვერს და საფენს ბზინვარებას ანიჭებს. გააჩერეთ ხალიჩაზე მოყრილი მარილი 15-20 წუთი, შემდეგ ცოცხი კარგად გარეცხეთ ცხელ საპნიან წყალში და გადმოგავეთ მარილი ხალიჩის ზედაპირიდან. ხანდახან პროცედურის გამეორებაა საჭირო. ცოცხი ყოველი გამოგვისას გარეცხეთ საპნიან ცხელ წყალში. შეგიძლიათ გამოიყენოთ მტვერსასრუტიც.

 

-თქვენ ასევე შეგიძლიათ თავადაც მოამზადოთ ხსნარი, რომელიც  ხალიჩის წმენდაში დაგეხმარებათ-  თქვენ დაგჭირდებათ: 1 სუფრის კოვზი სოდა, 1/3 ჭიქა ძმარი, ცხელი წყალი, 1 სუფრის კოვზი სარეცხის საშუალება. ეს ნარევი ჩაასხით სპრეი თავსახურიან ბოთლში და შეასხურეთ ხალიჩას ან კონკრეტულ ლაქას, რომლის მოშორებაც გნებავთ.

error
როგორი ხარისხის ქვაბები და ტაფები უნდა გამოვიყენოთ, რომ კერძი ჯანსაღი და გემრიელი გამოვიდეს

ყველა დიასახლისს ერთი-ორი საყვარელი ქვაბი და ტაფა აქვს, რომელსაც მიჩვეულია და რომელშიც განსაკუთრებით გემრიელი კერძებს ამზადებს. გარდა ამისა, სხვადასხვა სახეობის, მასალის, ზომის და სიძველის ქვაბები და ტაფები მოიძებნება ჩვენს სამზარეულოში. ჯანსაღი კერძის მომზადება, მხოლოდ პროდუქტებზე არ არის დამოკიდებული, უხარისხო ქვაბებში რაც არ უნდა ვიტამინებით გაჯერებული ბოსტნეული ჩავყაროთ, ის დაკარგავს თავის სასარგებლო და გემოვნურ თვისებებს. თანამედროვე მწარმოებლები ქვაბების ფართო ასორტიმენტს გვთავაზობენ - ყველაზე უარესიდან საუკეთესომდე, მთავარია, ვიცოდეთ, რომელი მასალისგან დამზადებული ქვაბია უფრო უსაფრთხო და პრაქტიკული.

 

-თუჯის ქვაბები/ტაფები- არ არსებობს ოჯახი, სადაც ძველი თუჯის ქვაბი/ტაფა არ მოიპოვება. განსაკუთრებით ჩვენს ბებიებს უყვარდათ თუჯის ქვაბში კერძების მომზადება, ამბობდნენ, რომ იქ საჭმელი უფრო გემრიელი გამოდის. ის იდეალურია პროდუქტის მოთუშვისა და მოხარშვისთვის. არ დეფორმირდება, არ უჩნდება ნაკაწრები. მასში მომზადებული საკვები გაცილებით გემრიელია. მინუსი ის აქვს, რომ მძიმეა. გახსოვდეთ, რომ თუჯის ქვაბს დაჟანგვისკენ აქვს მიდრეკილება და გამოყენების შემდეგ ის კარგად უნდა გაამშრალოთ. რაც უფრო მძიმეა ქვაბი, მით უკეთესი ხარისხისაა.

 

-ალუმინის ქვაბები- არ არსებობს სამზარეულო, სადაც ალუმინის ქვაბში არ ხარშავდნენ პროდუქტებს. ის ხელმისაწვდომი და მრავალწლიანია. კარგად ინახავს სითბოს, მსუბუქია. თუმცა, მალევე კარგავს ფორმას, ბზინვარებას. მასში არ შეიძლება მზა კერძის შენახვა და არ არის სასურველი მასში საბავშვო კერძების მომზადება. საკვების შესანახად ყველაზე კარგი ე.წ ემალის ქვაბია.

 

-„ემალის“ ქვაბი- ვიზუალურად ლამაზი და სხვადასხვაგვარია.  არ დეფორმირდებიან და მასში სხვადასხვა კერძის მომზადება შეგიძლიათ. ოღონდ, გახსოვდეთ, რომ რძეს, ფაფასა და მაკარონს ძირსა და გვერდებზე იკრავენ. ამიტომ მასში, ძირითადად წვნიანი კერძების მომზადებას გირჩევთ.  საკმაოდ ფაქიზია, ადვილად სძვრება მინანქარი. ქვაბს, რომელსაც  მინანქარი ასძვრა, კერძის მოსამზადებლად აღარ უნდა გამოიყენოთ.

 

-ცეცხლგამძლე მინის ქვაბები- მსგავსი ტიპის ქვაბებს ადრეც გამოიყენებდნენ და ახლაც აქტუალურია კულინარიაში. მისი გამოყენება საცხობადაც შეგიძლიათ და გაზქურაზე საკეთებლადაც. ნაკლი ის აქვს, რომ ადვილად იკრავს, ამიტომ ბევრ ცხიმს მოითხოვს. დიდხანს ძლებს, მთავარია მოიფრთხილდეთ.

 

-უჟანგავი ფოლადის ქვაბები- თუ თქვენ სხვადასხვა ქვეყნის კულინარიულ გადაცემებს უყურებთ, შეამჩნევდით, რომ ისინი, სწორედ უჟანგავი ფოლადის ქვაბებს იყენებენ.ისინი  ბოლო დროს მეტად პოპულარული გახდა. გამოიყენება სხვადასხვა კერძის მოსამზადებლად, არ იკრავს, ადვილად ირეცხება, დიდი ხნის მანძილზე ინარჩუნებს პირვანდელ იერს; არ დეფორმირდება და რეაქცია არა აქვს ტემპერატურის ცვლილებაზე. ოღონდ დაიხსომეთ, მარილი მასთან რეაქციაში შედის და ფერს უცვლის, არ დაამარილოთ და არ ჩააბასტურმოთ მსგავსი ტიპის ქვაბებში.

error
სოდა, როგორც უნივერსალური ნივთიერება

 

სოდა — ნახშირმჟავას ნატრიუმის მარილების ტექნიკური სახელწოდებაა.  კაუსტიკურ სოდას ტექნიკასა და ყოფაცხოვრებაში უწოდებენ მწვავე ნატრს NaOH. სოდა ცნობილი იყო უძველესი დროიდან. ჯერ კიდევ ძველი ეგვიპტელები ბუნებრივ სოდას იყენებდნენ სარეცხ საშუალებად და მინის სახარშავად. ნატრიუმის ბიკარბონატი, ანუ საჭმელი სოდა ყველა ოჯახში მოიპოვება, მას იყენებენ, როგორც კულინარიაში, ასევე საწმენდ-სადეზინფექციო საშუალებად და სამკურნალო დანიშნულებითაც. მოდი, უფრო დაწვრილებით გავეცნოთ ამ ჯადოსნური ნივთიერების შესაძლებლობებს:

 

-სოდას ქსოვილიდან ლაქის ამოყვანა შეუძლია . გავაკეთოთ სოდის, ძმრის და წყლის ნარევი, ერთ ჭიქა წყალს დაუმატეთ ერთი სუფრის კოვზი ძმარი და ცოტა ლიმონის წვენი. ხსნარი ადუღებამდე მიიყვანეთ, შემდეგ კი ერთი ჩაის კოვზი სოდა დაამატეთ, მიღებულ  ხსნარში ჩაალბეთ დალაქავებული ქსოვილი და ფაქიზი მოძრაობით რბილი ჯაგრისი უსვით დალაქავებულ ადგილს.

 

-სოდა მწერების ნაკბენსაც შველის. ნუ დაიფხანთ კოღოსა და სხვა მწერის ნაკბენებს. გააკეთეთ ფაფისმაგვარი ნაზავი წყლისა და სოდისაგან და წაისვით ნაკბენ ადგილზე, ის დაგიამებთ ქავილსაც და ასევე კარგი ანტისეპტიკია. სოდა დაგეხმარებათ ჩუტყვავილას მიერ გამოწვეული ქავილისას და ჭინჭრით დასუსხვის შემთხვევაშიც.

 

-მზით დამწვრობის დროს  აბაზანის მიღებისას წყალში ჩაყარეთ ცოტაოდენი სოდა. იგი დაარბილებს წყალს და დაამშვიდებს გაღიზიანებულ კანს.

 

-სოდიანი წყლით ინჰალაცია უძველესი მეთოდია.  ამისათვის აიღეთ მომცრო ზომის ჭურჭელი და აადუღეთ მასში 1 ჭ. წყალი და 1 ჩ.კ. სოდა. შემდეგ თავზე პირსახოცი გადაიფარეთ და ისუნთქეთ წლის და სოდის ნაზავის ორთქლი.

 

-სოდა უსიამოვნო სუნს აქრობს.  აბაზანის მისაღებად განკუთვნილ წყალში ჩამატებული სოდა ანეიტრალებს ბაქტერიების მიერ გამოყოფილ მჟავეებს, რომლებიც უსიამოვნო სუნს იწვევს.

 

-კარიესის პროფილაქტიკა – მჟავეები, რომლებიც პირის ღრუში ბაქტერიების შედეგად წარმოიქმნება, შლის კბილის ემალს. ამ მჟავების ნეიტრალიზება შეიძლება, თუ დღეში რამდენჯერმე გამოივლებთ კბილებს სოდიანი წყლით.  კვირაში ერთხელ და არა უმეტეს, სოდის და წყლის ნაზავით კბილის ფაქიზად გახეხვაც შესაძლებელია, ის გამოიყენება, როგორც მათეთრებელი. მაგრამ არ დაგავიწყდეთ!  კბილთან უშუალო კონტაქტისას სოდის ხშირი გამოყენება აზიანებს ემალს.

 

-სოდა ამცირებს ოფლის გამოყოფასაც, მისით დეოდორანტის ჩანაცვლებაც შეგიძლიათ. ის ბუნებრივია და არ ვნებს ორგანიზმს.

 

-ტაფებზე ცხიმის მიკრობის შემთხვევაში ჩაყარეთ სოდა, ჩაასხით წყალი და წამოადუღეთ, სოდა და წყალი მოალბობს ცხიმის ნამწვს და გარეცხვას გაგიადვილებთ.

 

error
ვაშლის ძმრის უნიკალური თვისებები, რომლებიც ცხოვრებას გაგიმარტივებთ

ვაშლის ძმარი უებარი სამკურნალო საშუალებაა. იგი შეიცავს ადამიანის ორგანიზმისთვის აუცილებელ თითქმის ყველა მინერალურ ნივთიერებასა და მიკროელემენტს. იგი ხელს უწყობს საჭმლის მონელებას, ამაღლებს სისხლის შედედების უნარს, აჯანსაღებს სისხლძარღვებს, ხელს უწყობს სისხლის წითელი ბურთულების წარმოქმნას. ძმრის ყველაზე მნიშვნელოვანი ღირსება კალიუმის მაღალი შემცველობაა, ის აუცილებელია ენერგიის გამომუშავებისათვის, ასევე ნერვული სისტემის დასამშვიდებლად. არის ბუნებრივი ანტისეპტიკი, კლავს მიკრობებს და ხელს უშლის ლპობის პროცესს. ამავდროულად, გირჩევთ, რომ თქვენს კულინარიაში ღვინის ძმარი, ვაშლის ძმრით ჩაანაცვლოთ.

 

გარდა სამკურნალო და გასტრონომიული დანიშნულებისა, ვაშლის ძმარი სხვა უნიკალური თვისებებითაც ხასიათდება, ის, ასევე,  თქვენი სახლის სისუფთავის საიდუმლოს  ბუნებრივი საშუალებების სიას მიემატება:

 

-ვაშლის ძმარი იდეალური საშუალებაა სანტექნიკის მილების გასაწმენდად. ყველა დიასახლისმა იცის, რამდენ პრობლემას ქმნის კანალიზაციის გაჭედილი მილები. ამ პრობლემების თავიდან ასაცილებლად, ერთ ჭიქა ძმარში აურიეთ ნახევარი ჭიქა საჭმელი სოდა და ჩაასხით მილში. გააჩერეთ, დაახლოებით,  ნახევარი საათი და შემდეგ ადუღებული წყალი ჩაასხით.

 

-ვაშლის ძმარი შესანიშნავად სპობს სარეცხის მანქანაში ჩაბუდებულ ობის სოკოს, ნადებს და აქრობს უსიამოვნო სუნს. სარეცხი საშუალების ჩასაყრელ დოლურაში ჩაასხით ვაშლის ძმარი და ჩართეთ სწრაფი რეცხვის რეჟმზე.

 

-ვაშლის ძმრის და საჭმელი სოდის კომბინაცია შესანიშნავი საწმენდი საშუალებაა სააბაზანო ოთახისთვის, ამასთანავე, გაცილებით იაფია, ვიდრე ქიმიური საწმენდი საშუალებები.

 

-ვაშლის ძმარი ეფექტურად ებრძვის  ავეჯის ლაქებს, წმენდს ქსოვილს და ხალიჩას. ერთმანეთში აურიეთ თანაბარი რაოდენობით ძმარი და მარილი, წაუსვით ლაქაზე და ცოტა ხნით გააჩერეთ. შემდეგ ჯაგრისის დახმარებით გაწმინდეთ და შედეგით კმაყოფილი დარჩებით.

 

-სახეზე გამონაყარის, აკნეს დროს: ყოველ დილა-საღამოს პირის დაბანის შემდეგ ბამბის ტამპონი დაასველეთ ვაშლის ძმარში და სახე გაიწმინდეთ. გამონაყარი მალე გაივლის.

 

-ანგინის დროს: 1 ჩაის კოვზი ვაშლის ძმარი ჩაასხით 1 ჭიქა წყალში. ყელში გამოივლეთ ყოველ საათში ერთხელ. ხსნარი რამდენიმე წუთის განმავლობაში პირის ღრუში გააჩერეთ და შემდეგ გადაყლაპეთ.

 

-ვაშლის ძმარი ამაგრებს თმის ძირებს, ხდის მას ფაფუკს და აქრობს ქერტლს. შეურიეთ თანაბარი რაოდენობით ვაშლის ძმარი და წყალი და ბანაობის შემდეგ თმებზე გადაივლეთ. სწრაფი ეფექტისთვის 10-15 წუთის განმავლობაში არ ჩამოიბანოთ და ქერტლი უკვალოდ გაქრება.

 

როგორც ხედავთ ვაშლის ძმარი უნიკალური საშუალებაა, რომლის გამოყენებაც ცხოვრების ნებისმიერ სფეროში, ნებისმიერი პრობლემის დროს ეფექტურია.

error
ტანსაცმლიდან მწვანე (მცენარეების) ლაქების მოშორება

ეზოში მუშაობის დროს, ან პიკნიკზე ბალახებში ჯდომის დროს, ან სოფელში, ბავშვების ეზოში თამაშის დროს ტანსაცმელი ბალახის ლაქებით, თითქმის, ყოველთვის, ისვრება. ლაქების ამომყვანი უხარისხო ხსნარები ქსოვილს აზიანებენ. მით უმეტეს, როდესაც სოფელში ხარ, ზოგიერთ ჩვენგანს სარეცხის რეცხვა ხელით გვიწევს, მსგავსი ტიპის ლაქის ამომყვანები კი ხელებსაც აზიანებენ და აუხეშენებნ. ამიტომ გირჩევთ მწვანე ლაქის ამოსაყვანად, ბუნებრივ გზებს მიმართოთ და რჩევები დაიმახსოვროთ.

 

ბალახის ლაქების მოსაშორებლად ყველაზე მარტივი საშუალება მარილია, დალაქავებულ ადგილზე, მარილი მოაყარეთ და ხელით დაამუშავეთ, ეს პრინციპი ამართლებს ღვინის ლაქებზეც. შემდეგ მოამზადეთ ხსნარი, რომელშიც ქსოვილს ჩაალბობთ:

ერთ ჭიქა თბილს წყალს, ერთი სუფრის კოვზი მარილი შეურიეთ, დალაქავებული ტანსაცმელი ერთი საათით მარილიან წყალში ჩაალბეთ, შემდეგ გაავლეთ და ჩვეულებრივი წესით გარეცხეთ. მარილი, ბალახის და ღვინის  გარდა, ეფექტურად ებრძვის  მელნის, ოფლისა და ცხიმის ლაქებსაც.

 

ლაქებს, ასევე, კარგად ებრძვის ე.წ ეთილის სპირტი. ბამბის დისკი სპირტში დაასველეთ და დალაქავებული ადგილი გაწმინდეთ, სანამ ლაქა მთლიანად არ გაქრება. ამის შემდეგ, ქსოვილი ცხელ წყალში და სარეცხ საშუალებაში ჩვეულებრივი წესით გარეცხეთ.

 

ბალახის ლაქებს კარგად აუფერულებს თეთრი ღვინის ძმარი ან ნიშადურის სპირტი:
დალაქავებული ადგილი ძმარში ან სპირტში დასველებული ბამბის დისკით გაწმინდეთ და თბილ წყალში გარეცხეთ. 

error
რა დაავადებებს იწვევს წყლის არასაკმარისი მიღება

ადამიანის ფიზიკური თუ გონებრივი მდგომარეობა დიდწილად, დამოკიდებულია წყალზე და მის შემცველობაზე ორგანიზმში.

 

ენერგია, გლუვი და ელასტიკური კანი, ძლიერი თმა, ფრჩხილები, ჯანმრთელი ორგანიზმი-ამ ყველაფრის სათავე ჩვეულებრივი სასმელი წყალია. წყალი ყველგანაა- ჰაერში, რომელსაც ვსუნთქავთ, ორგანიზმის უჯრედებში, სისხლში. წყალს ვკარგავთ არა მარტო ოფლის სახით, არამედ ლაპარაკისას, სუნთქვისას. ამიტომ საჭიროა, მუდმივად მივიღოთ წყალი და დავიცვათ წყლის ბალანსი.


ჩვენი ორგანიზმი 80% წყალს შეიცავს. უწყლოდ ვერც ერთი ორგანო ვერ იცოცხლებს. აუცილებლად უნდა მივაქციოთ ყურადღება, თუ რამდენს და როგორი სიხშირით ვსვამთ წყალს.
წყლის მოწყურებას არ უნდა დაველოდოთ, წყალი მიირთვით წყურვილის შეგრძნების დაწყებამდე, რადგან წყურვილი უკვე მიანიშნებს ორგანიზმის გაუწყლოებაზე, რომელსაც შემდეგი სიმპტომები ახასიათებს: დაღლილობის შეგრძნება, მაღალი წნევა, თავისა და სახსრების ტკივილი,  ზურგის ტკივილი, კანის სიმშრალე, მომატებული წონა, დაქვეითებული იმუნიტეტი, ფერხდება გონებრივი და ფიზიკური შრომის უნარი, ჩნდება კუჭ-ნაწლავის პრობლემები. გაუწყლოება მრავალი დაავადების მთავარი მიზეზია, მათ შორის - ასთმის, ალერგიების, ჰიპერტონიის, ჭარბი წონის, ემოციური პრობლემებისა და დეპრესიის


დღეში, არანაკლებ, 2-2,5ლ წყალი უნდა მიიღოთ, რა თქმა უნდა, სუფთა სახით. უჯრედებში, ადვილად, მხოლოდ სუფთა წყალი ხვდება,  ხოლო ქიმიური ნაერთები, რომლებსაც ჩაი, ყავა და გაზიანი სასმელები შეიცავენ, რჩება კანში და უჯრედები განიცდიან წყლის ნაკლებობას.

 

სვით გრილი წყალი, რადგან მას უკეთესად ითვისებს ორგანიზმი და ასტიმულირებს ნივთიერებათა ცვლას. დილით დალიეთ 1(200 გრაი) ჭიქა წყალი -  ეს ხელს უწყობს ორგანიზმის გაწმენდას შლაკებისგან.